ინექციური
ყველა ნარკოტიკი, მიუხედავად იმისა, რა გზით ხვდება ორგანიზმში, აზიანებს თავის ტვინს და მთელ ნერვულ სისტემას, იმუნურ სისტემას, გულს, ღვიძლს, თირკმელებსა და ფილტვებს. ხოლო ნარკოტიკების ინექციურ (ნემსით) მოხმარებას ემატება სისხლის გზით გადამდები ინფექციების საფრთხე. ესენია აივ ინფექცია, B და C ჰეპატიტი, სიფილისი და სხვა. 
ინექციური ნარკოტიკების მოხმარების შემთხვევაში,  ძალიან მოკლე დროში ყალიბდება როგორც ფსიქიკური, ასევე ფიზიკური დამოკიდებულება. რაც იმაში გამოიხატება, რომ   ნარკოტიკის შეწყვეტის შემთხვევაში, ადამიანი არის გაღიზიანებული, აგრესიული;  აქვს შფოთვა, მოუსვენრობა, უძილობა. ოპიოიდების შემთხვევაში, ამას ემატება კუნთების და ძვლების ტკივილი, ფაღარათი, გულისრევა, შემცივნება და წამოხურების შეგრძნება, არტერიული წნევის მომატება და სხვა.
ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარებისას ხშირია  ჩირქოვანი გართულებები (თრომბოფლებიტი, ფლეგმონა, სეფსისი). ეს გართულებები ვითარდება, როდესაც  არ ამუშავებენ ჩხვლეტის ადგილს სპირტით ან სხვა სადეზინფექციო საშუალებით,  იყენებენ არასტერილური ნემსებს და შპრიცებს,  ნარკოტიკის ხსნარს ამზადებენ არასტერილურ ჭურჭელში.
გარდა ამისა, ხშირად თავად ნარკოტიკიც  შეიცავს სხვადასხვა  მიკრობებსა და ბაქტერიებს, რომლებიც სისხლში ხვდება. ნარკოტიკის მოხმარების გამო ისედაც დაქვეითებული იმუნიტეტი მათ ვერ ერევა.
ყველაზე ხშირად, ინექციური ნარკოტიკების მომხმარებელთა სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის ზედოზირება. 
ზედოზირების შემთხვევაში აუცილებელია სასწრაფო და გადაუდებელი სამედიცინო დახმარება!
ნარკოტიკებისა და მათი მინარევების გადამუშავება, ძირითადად ღვიძლში ხდება. ამ მომწამვლელი ნივთიერებების სისტემატური ზემოქმედებით ვითარდება ტოქსიკური ჰეპატიტი
გარდა ამისა, ნარკოტიკების ინექციური მოხმარება კატასტროფულად ზრდის  ვირუსული ჰეპატიტით (B და C)  დაინფიცირების რისკს.
ჰეპატიტი იწვევს ღვიძლის ქსოვილის გადაგვარებას და ციროზის განვითარებას. ეს პროცესი განსაკუთრებით სწრაფად მიმდინარეობს იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი აგრძელებს ნარკოტიკების ან ალკოჰოლის მოხმარებას.