თამბაქო
როდესაც ადამიანი პირველად იღებს ხელში სიგარეტს, არ ფიქრობს იმ მძიმე შედეგებზე, რომლებსაც მოწევა იწვევს, მით უმეტეს, რომ სისტემატიური მოწევის სავალალო შედეგები მოგვიანებით იჩენს თავს. 
თამბაქოს ბოლში 4000-მდე ნივთიერება შედის, ხოლო მიჩვევას მათგან მხოლოდ ერთი – ნიკოტინი იწვევს. სწორედ ნიკოტინის მოთხოვნილება აიძულებს ადამიანს, კვლავ და კვლავ შეისუნთქოს თამბაქოს ბოლი. დასაწყისში, ნიკოტინი იწვევს ცენტრალური ნერვული სისტემის სტიმულირებას და მწეველი გრძნობს ენერგიის მოზღვავებას, ხდება უფრო აქტიური. მოგვიანებით, დამოკიდებულების ჩამოყალიბების შემდეგ, მოწევის შეწყვეტა იწვევს გუნება-განწყობის დაქვეითებას, შფოთვას, გაღიზიანებას, კონცენტრაციის უნარის დაქვეითებას. თანდათან მწეველის ორგანიზმი ვეღარ კმაყოფილდება ნიკოტინის უწინდელი დოზებით, შესაბამისად, იზრდება მოწეული სიგარეტების რაოდენობა და მცირდება ინტერვალი მოწევებს შორის. 
თამბაქოს ბოლში შემავალი ნივთიერებებიდან ყველაზე ტოქსიკურია: ნახშირჟანგი, კანცეროგენული (კიბოს გამომწვევი) ფისები, რადიოაქტიური ნივთიერებები, აზოტის შენაერთები, მძიმე ლითონები (ვერცხლისწყალი, კადმიუმი, კობალტი, ნიკელი) და სხვ. ერთი სიგარეტის მოწევა მანქანებით გადატვირთულ ავტომაგისტრალზე 36 საათის განმავლობაში ყოფნის ტოლფასია.
ცნობილია, რომ თამბაქოს მოწევა იწვევს სისხლძარღვოვან ცვლილებებს. ნიკოტინი ზრდის მიოკარდიუმის ინფარქტისა და თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის რისკს. ნიკოტინის მცირე დოზა იწვევს არტერიული სისხლის წნევის მომატებას, ხოლო დიდი დოზა – გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დათრგუნვას. სწორედ ამით აიხსნება ნიკოტინით მწვავე მოწამვლის დროს არტერიული წნევის მკვეთრი დავარდნა, რაც იწვევს თავბრუსხვევას, გონების დაკარგვას და, მძიმე შემთხვევებში, სიკვდილს. 
მწეველებში მომატებულია სასუნთქი გზების დაავადებები – ქრონიკული ბრონქიტი, ბრონქული ასთმა, ფილტვის კიბო. თამბაქოს წევის შედეგად ავთვისებიანი სიმსივნე შეიძლება განვითარდეს, აგრეთვე, პირის ღრუში, ხორხში, საყლაპავ მილში, თირკმელში, შარდის ბუშტში. 
ნიკოტინი აძლიერებს კუჭის წვენის გამოყოფას, მკვეთრად იმატებს კუჭისა და ნაწლავების ანთების განვითარების რისკი. თამბაქოს კვამლის შესუნთქვისას ზიანდება კბილის მინანქარი, რაც იწვევს კარიესის გაჩენას, კბილები ყვითლდება, ხშირად ვითარდება სტომატიტი.
ორსულობის პერიოდში თამბაქოს მოწევა აფერხებს ნაყოფის სისხლით მომარაგებას და ჟანგბადის მიწოდებას, აზიანებს ნაყოფის გულსა და თავის ტვინს, ზრდის თვითნებური აბორტის, მკვდრად შობადობისა და ნაადრევი მშობიარობის რისკს.