ალკოჰოლი
ალკოჰოლი, იგივე  ეთანოლი ანუ ეთილის სპირტი  ცენტრალური ნერვული სისტემის დეპრესანტია.  ალკოჰოლს შეიცავს ლუდი, ღვინო,  სპირტიანი სასმელები. 
ალკოჰოლი ჩვენი ტრადიციებისა და კულტურის შემადგენელი ნაწილია და ზომიერად მოხმარების შემთხვევაში საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლის მოხმარება სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ალკოჰოლის ზემოქმედება განსხვავებულია   იმის  მიხედვით, რამდენს სვამს ადამიანი, რა სიხშირით, რა ასაკისაა, როგორია მისი ჯანმრთელობა და მემკვიდრეობა.
ალკოჰოლი აქვეითებს მხედველობის სიმახვილეს, ყურადღებას, მოძრაობის კოორდინაციას, ცვლის გემოვნებით, ყნოსვით და სმენით შეგრძნებებს. 
ალკოჰოლის დიდი რაოდენობა იწვევს ეიფორიას, ან პირიქით, გუნებ-განწყობის დაქვეითებას, გაღიზიანებადობას,  არაადეკვატურ ქცევას, თავშეუკავებლობას, მეხსიერებიდან ცალკეული ეპიზოდების ამოვარდნას. ქვეითდება საკუთარი შესაძლებლობების კრიტიკული შეფასების და სწორი გადაწყვეტილების  მიღების უნარი; იწვევს ლუღლუღით მეტყველებას, სახის გაწითლებას,  გულისრევას, ღებინებას, თავბრუსხვევას, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევას, ანელებს რეაქციის დროს;  შესაძლებელია  პათოლოგიური თრობა, სუნთქვის გაძნელება, კომა და სიკვდილი.
ყოველი დათრობის დროს ტვინი  მნიშვნელოვნად  ზიანდება, მაგრამ თუ ეს იშვიათად ხდება, ტვინი, მეტნაკლებად, უმკლავდება  ამ  პრობლემას.  ალკოჰოლის  რეგულარულად  მიღების შემთხვევაში კი, თანდათან უარესდება  ტვინის  ფუნქციონირება _ ქვეითდება მეხსიერება, აზროვნება  და  ბოლოს,  მთავრდება  ჭკუასუსტობით. ყველაზე  დიდი  დატვირთვა  ალკოჰოლის მიღების  დროს  ღვიძლს ადგება.  ღვიძლი არის ორგანიზმის მთავარი ლაბორატორია, სადაც ხდება ტოქსიკური ნივთიერებების გაუვნებელყოფა. როდესაც სისხლში მუდმივად არის ალკოჰოლი,  ღვიძლს  განსაკუთრებულ  რეჟიმში უწევს  მუშაობა,  თანდათან  ვითარდება  ანთებითი პროცესი  და  ღვიძლის  ქსოვილის  გადაგვარება.
ალკოჰოლის მოხმარებას ხშირად უკავშირდება ავტოკატასტროფები და სხვა უბედური შემთხვევები, ძალადობა, მკვლელობა და თვითმკვლელობა.
მოზარდებისათვის  ალკოჰოლი განსაკუთრებით საზიანოა. მათი სხეულის წონა ნაკლებია, უფრო მალე თვრებიან და მათი ორგანიზმი  და  ტვინი  უფრო ადვილად  ზიანდება.  ერთი ალკოჰოლური მოწამვლაც კი, შეიძლება  სასიკვდილო  აღმოჩნდეს,  ან  გამოიწვიოს  თავის  ტვინის  მძიმე  დაზიანება. ალკოჰოლის  მომხმარებელი მოზარდი  ადვილად  იღლება, უჭირს  ახალი  ინფორმაციის  სწორად  აღქმა, დამახსოვრება,  ანალიზი,  აზროვნება.  მოზარდებში  ალკოჰოლისადმი  მიჩვევა  უფრო  ადვილად  ვითარდება,  ვიდრე  უფროსებში.