ბიო
„ბიო“ შეიცავს  სტიმულატორებსა და ჰალუცინოგენებს, რომლებიც მძიმე ინტოქსიკაციას და ჯანმრთელობისათვის საშიშ ეფექტებს იწვევს.
„ბიო“–ში შემავალმა სინთეტურმა ნივთიერებებმა შეიძლება გამოიწვიოს მოკლე დროით ენერგიის და კომუნიკაბელობის მომატება, მაგრამ ხშირია მოუსვენრობა, შიში, შფოთვა, პარანოია, ჰალუცინაციები. ზოგი სრულად კარგავს რეალობასთან კავშირს, ავლენს უკონტროლო აგრესიას. მდგომარეობიდან გამოსვლის შემდეგ არ ახსოვს, რას აკეთებდა ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ.
„ბიოს“ ეფექტების წინასწარმეტყველება ძნელია, რადგან კუსტარულად, არალეგელურ ლაბორატორიაში დამზადებული ნარკოტიკი არასოდეს არის სტანდარტული შემადგენლობის. ერთი და იგივე რაოდენობის ფხვნილი, შეიძლება, სხვადასხვა რაოდენობით შეიცავდეს ამა თუ იმ ნივთიერებას.
ბიო იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას: დროთა განმავლობაში, ეფექტის მისაღებად, საჭირო ხდება დოზის გაზრდა. ადამიანს უჩნდება ნარკოტიკის მიღების აკვიატებული, დაუძლეველი სურვილი.
‘ბიოს“ მოხმარების შეწყვეტა იწვევს უძილობას, უმადობას, გაღიზიანებას, დეპრესიას.
„ბიოს“ მომხმარებლების  სამედიცინო პრობლემებს შორის ყველაზე ხშირია  ფსიქიატრიული სიმპტომები (პარანოია, ჰალუცინაციები, პანიკის შეტევები) და გულის პრობლემები (გულისცემის აჩქარება, ტკივილი მკერდის არეში,  მაღალი წნევა). თითქმის ყველა უჩივის მეხსიერების დაქვეითებას.