ექსტაზი
ექსტაზი – MDMA (მეთილენდიოქსიმეტამფეტამინი) არის ნარკოტიკი, რომელსაც სტიმულატორების და ჰალუცინოგენების თვისებები აქვს და,  უფრო ხშირად, ღამის კლუბებში მოიხმარენ. ის მზადდება არალეგალურ ლაბორატორიებში და არასოდეს არის ცნობილი, რამდენად სუფთაა მისი ქიმიური შემადგენლობა. ექსტაზი ხშირად შეიცავს სხვადასხვა დანამატებს, რომლებიც სხვადასხვაგვარად ცვლის MDMA–ს მოქმედებას.
„ექსტაზის“  ზემოქმედებით  მატულობს გულისცემის სიხშირე, არტერიული წნევა, სხეულის ტემპერატურა,  ოფლის გამოყოფა.  ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს ორგანიზმის გაუწყლოების და გადახურების გამო. საფრთხე მატულობს, როცა ექსტაზის მიღება ალკოჰოლთან ერთად ხდება.
განსაკუთრებით სახიფათოა ექსტაზის მიღება მათთვის, ვისაც აქვს მაღალი წნევა, გულის დაავადება, ეპილეფსია ან ფსიქიკური დაავადება.
„ექსტაზის“ ზემოქმედების ქვეშ მყოფი ადამიანი მოუსვენარია, ბევრს მოძრაობს, ბევრს ლაპარაკობს, უჩნდება უკრიტიკო თავდეჯერებულობა, ყველას მიმართ კეთილგანწყობილია, ჰგონია, რომ ყველას მოსწონს, ყველა მისი მეგობარია. ეს ხშირად ხდება შემთხვევითი სქესობრივი კავშირის მიზეზი, რაც ზრდის  აივ/შიდსით  ან სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებით დაავადების საფრთხეს.	
„ექსტაზი“ ხშირად იწვევს  აგრესიას, შიშს, პანიკას, ფსიქოზს. 
„ექსტაზით“ გამოწვეული ფსიქოზისთვის  სმენითი და მხედველობითი ჰალუცინაციების გარდა   დამახასიათებელია ტაქტილური ჰალუცინაციები – ადამიანი გრძნობს, რომ მის კანზე ან კანქვეშ დაცოცავენ მწერები და მატლები. მუდმივად იფხანს კანს, ცდილობს მათ მოშორებას და ამის გამო კანზე ნაკაწრები აქვს.
ექსტაზის ზემოქმედების დასრულების შემდეგ დგება „გამოსვლის ფაზა“, რომლის დროსაც შეიძლება იყოს უძილობა, დეპრესია, შფოთვა, დაღლილობის და სიცარიელის განცდა, თავის ტკივილი და უძილობა. ეს სიმპტომები ჩნდება ნარკოტიკის მიღებიდან ერთი დღის გასვლის შემდეგ და შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე.
„ექსტაზი“ იწვევს მიჩვევას და ფსიქიკურ დამოკიდებულებას, რაც გამოიხატება იმაში, რომ ადამიანს სულ უფრო ხშირად უჩნდება ამ ნარკოტიკის მიღების სურვილი, ექსტაზის გარეშე ცხოვრება უინტერესოდ და უფერულად მიაჩნია, „ექსტაზის“ გარეშე ცუდ ხასიათზეა.