მარიხუანა
მარიხუანა არის კანაფის გამხმარი ფოთლების, ღეროების და თესლის ნარევი. 
მარიხუანას ბოლის შემადგენლობა საკმარისად შესწავლილი არ არის. მას აქვს სპეციფიკური (დამწვარი თოკის) სუნი და მასში შემავალი ნარკოტიკულად მოქმედი ნივთიერება ტეტრაჰიდროკანაბინოლის (ტჰკ) სახელით არის ცნობილი.               
მარიხუანას მოწევის შედეგად მოწევის დროს, ჩვეულებრივ, იწყება ხველა, წითლდება სკლერები, ფართოვდება სისხლძარღვები, ქვეითდება არტერიული წნევა, შეინიშნება გულის ცემისა და სუნთქვის აჩქარება, ითრგუნება ღვიძლის ფერმენტების აქტივობა, რასაც შედეგად მოსდევს ღვიძლის ფუნქციის დაქვეითება.
პრეპარატის მოქმედება იწყება მოწევიდან რამოდენიმე წუთის შემდეგ ლორწოვანი გარსების გაშრობით, ძლიერი წყურვილისა და შიმშილის შეგრძნებით, შეიძლება იყოს ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, სიცხის ან სიცივის შეგრძნება. ჩვეულებრივ, თუმცა არა ყოველთვის, ვითარდება ეიფორია, უმიზეზო სიცილი, ირღვევა საგნების ზომებისა და მათ შორის მანძილის აღქმა; ირღვევა ყურადღების კონცენტრაცია და მეხსიერება – წინადადების დასაწყისი მის დამთავრებამდე ავიწყდებათ; ზოგჯერ შეინიშნება შიშნარევი ეჭვნეულობა, პანიკა. 
მარიხუანას რეგულარული მიღების შედეგად ვითარდება ბოდვითი აზრები. დიდი დოზებით სისტემატურმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული ფსიქოზი – ბოდვა, ილუზიები, ჰალუცინაციები, პანიკა, უცნაური ქცევა, აგრესიულობა.
ტჰკ გროვდება ცხიმოვან უჯრედებში და ორგანოებში – თავის ტვინში, სათესლე ჯირკვლებსა და საკვერცხეებში, ელენთაში, ღვიძლსა და თირკმლებში. ეს კი იმას ნიშნავს, ნარკოტიკის მოხმარების შეწყვეტის შემდეგაც მისი ზეგავლენა ხანგრძლივი დროის განმავლობაში გრძელდება.
მარიხუანას მოწევა ბევრად უფრო ძლიერად აზიანებს სასუნთქ სისტემას, ვიდრე თამბაქოსი. ბევრად უფრო მაღალია ფილტვის კიბოს განვითარების რისკიც. თავისი დამაზიანებელი ეფექტებით, 1 ულუფა მარიხუანა 5 ღერი სიგარეტის ტოლფასია. 
მარიხუანას სისტემატური მოხმარება იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას, მამაკაცის სასქესო ჰორმონების  შემცირებას და პოტენციის დაქვეითებას, ფილტვის ქსოვილის და თავის ტვინის დაზიანებას, მეხსიერების დაქვეითებას, 
მარიხუანადა სხვა ჰალუცინოგენური ნარკოტიკები არღვევენ თავის ტვინში მიმდინარე პროცესებს - აღწევენ ნერვული უჯრედების იმ სტრუქტურაში, რომლებიც ემსახურება ინფორმაციის გადაცემას და იწვევენ მის დეზორგანიზაციას. ტვინი მუშაობს შიზოფრენიით დაავადებულის ტვინის მსგავსად. როცა მარიხუანას ზემოქმედება გაივლის, ტვინი უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას, მაგრამ არა მთელი სისრულით. რჩება ძნელად შესამჩნევი ცვლილებები, რომლებიც მარიხუანას ყოველი მიღების შემდეგ მატულობს და თანდათან ადამიანი ხდება დუნე, პასიური, ნელა აზროვნებს, ღიზიანდება უმნიშვნელო მიზეზების გამო.